რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი ისრის მიმართულებით მოძრავმა ავტომობილებმა, თუ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?
აი, რა ხდება აქ: სასწრაფოს ციმციმაც ჩართული აქვს და სირენაც, ხომ ხედავ? ამიტომ გზაჯვარედინზე პირველი ის გაივლის, მიუხედავად იმისა, რომ მას „დაუთმე გზა“ ნიშანი აქვს. რჩება წითელი მსუბუქი და სატვირთო. ორივე მთავარ გზაზეა, ეს გზა კი მიმართულებას იცვლის. ამიტომ მათ შორის თანაბარი გზების წესი მოქმედებს - გზა მარჯვნიდან მომავალს ეკუთვნის. სატვირთოსთვის წითელი მსუბუქი მარჯვნიდანაა, ამიტომ მეორე მსუბუქი გაივლის, სატვირთო კი ბოლოს. მარტივია, არა?
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა. ამავე კანონის 51-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად: 1. ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს ამ კანონის 25-ე, 31-ე - 41-ე და 44-ე მუხლების, აგრეთვე ამ კანონის N01 და N02 დანართებით დადგენილ მოთხოვნებს. ლურჯ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად დამატებით შეიძლება ჩაირთოს წითელი მოელვარე ციმციმა სიგნალიც. სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ უპირატესობის მისაღებად ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა ჩართოს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი. პრიორიტეტით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ. 2. საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ.

















