
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი ისრის მიმართულებით მოძრავმა სატრანსპორტო საშუალებებმა?
დააკვირდი ნიშნებს, შენ და ტრამვაი მთავარ გზაზე ხართ. ამიტომ სატვირთო, რომელიც მეორეხარისხოვან გზაზეა, ყველას გზას გითმობთ და ბოლოს გაივლის. რაც შეგეხებათ შენ და ტრამვაის, როცა თანაბარ პირობებში ხართ, უპირატესობა ყოველთვის ტრამვაის აქვს. ესე იგი, ჯერ ტრამვაი, შემდეგ შენ და ბოლოს სატვირთო.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.