
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება თეთრი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ შუქნიშანში ჩართულია ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი?
მოციმციმე ყვითელი ნიშნავს, რომ შუქნიშანს არ ვუყურებთ და გზაჯვარედინს ნიშნების მიხედვით გავდივართ. შეხედე „მთავარი გზის“ ნიშანს. ის გვიჩვენებს, რომ შენც და წითელი მანქანაც მთავარ გზაზე ხართ. როცა ორივე მთავარ გზაზე ხართ, ერთმანეთში თანაბარ პირობებში იმყოფებით და მარტივი წესი მოქმედებს: გზა დაუთმე მარჯვნივ მყოფს. წითელი ავტომობილი შენგან მარჯვნივაა, ამიტომ გზას მხოლოდ მას უთმობ. ტრამვაი კი მეორეხარისხოვან გზაზეა და ვალდებულია, დაგელოდოს.
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას და იტყობინება არარეგულირებული გზაჯვარედინის, ქვეითთა ან ველოსიპედისტთა გადასასვლელის არსებობის ან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ამავე კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა”, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.