
ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გზა დაუთმოს ქვეითებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
მარჯვნივ უხვევ, ხომ? და შენი გზა ქვეითების გზას კვეთს. ასეთ დროს, შუქნიშნის მიუხედავად, ქვეითს ყოველთვის ვუთმობთ გზას. დაიმახსოვრე, მოხვევისას ქვეითი მთავარია
კანონი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეითთა გადასასვლელზე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 33-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 34-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით უნდა შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: ა) თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა საგზაო შუქნიშნით ან მარეგულირებლის მეშვეობით რეგულირდება, მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლი უნდა გაჩერდეს ქვეითთა გადასასვლელის წინ ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან, ხოლო როცა მოძრაობის გაგრძელების უფლებას მიიღებს, არ უნდა დააბრკოლოს და საფრთხე არ უნდა შეუქმნას ქვეითთა გადასასვლელზე შესულ ქვეითებს. თუ მძღოლი ასრულებს მოხვევას სხვა გზაზე შესასვლელად, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, მან ეს მოხვევა უნდა შეასრულოს მხოლოდ დაბალი სიჩქარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითები.